საქართველო ევროპული უსაფრთხოების ხერხემლის ნაწილია და საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობას იმაზე მეტი გაუკეთა, ვიდრე მისგან თვითონ მიიღო.

ნატოს გასაფართოებლად ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა, საერთო უსაფრთხოებაში წვლილის შეტანა და მყარი პარტნიორობა სავალდებულო პირობებია და საქართველოს შემთხვევაში მათზე პასუხი არის კი, კი, კი, – ამის შესახებ “ჰერიტიჯის ფონდის“ წარმომადგენელმა ჯეიმს კარაფანომ “ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კარაფანოს შეფასებით, საქართველო ევროპული უსაფრთხოების ხერხემლის ნაწილია და საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობას იმაზე მეტი გაუკეთა, ვიდრე მისგან თვითონ მიიღო.

“მაშინ, როცა დიდი სახელმწიფოები გავლენის მოსაპოვებლად ერთმანეთთან კონკურენციაში არიან, პატარა ქვეყნები ხშირად გვავიწყდება. მაგრამ პატარა ქვეყნებს ხშირად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგ შემთხვევაში, ისინი სტრატეგიულ ადგილზე მდებარეობს. ეს განსაკუთრებით საქართველოს ეხება. საქართველო ევროპის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ადგილზე მდებარეობს.

ვფიქრობ, საქართველო ევროპული უსაფრთხოების ხერხემლის ნაწილია და ამასთან, საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობას იმაზე მეტი გაუკეთა, ვიდრე მისგან თვითონ მიიღო და ბოლოს, ნატო კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციაა, რომლის წევრებიც საკუთარი ნებით იღებენ გადაწყვეტილებას ერთმანეთის უსაფრთხოების დაცვაზე.

ნატოს ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის თანახმად, ქვეყნებს უნდა შეეძლოთ თვითონ გადაწყვიტონ ალიანსში გაწევრიანება. ალიანსის მხრიდან ყველაზე დიდი შეცდომა ის იქნება, რომ ნატოს გარე ძალას მისცეს უფლება გადაწყვიტოს, თუ ვინ შეიძლება გახდეს მისი წევრი და ვინ არა. ჩვენ პუტინს ეს უფლება არ უნდა მივცეთ – ეს ტრაგიკული შეცდომა იქნება“, – განაცხადა ჯეიმს კარაფანომ.

“ჰერიტიჯის ფონდის“ წარმომადგენელი იმასაც ამბობს, რომ მმართველობა, სამხედრო შესაძლებლობების გაზრდა, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და ეკონომიკის განვითარება ის საკითხებია, სადაც საქართველომ წინსვლა უნდა აჩვენოს.

“დასავლეთი საქართველოს დაეწევა. ამის მაგალითი ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში გაწევრიანებაა, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ გაფართოების პოლიტიკა გრძელდება. თუ ჩრდილოეთ მაკედონიის შემთხვევაში ეს მოხდა, ვფიქრობ, გაფართოებასთან დაკავშირებული ნატოს შიდა გამოწვევების გადალახვა საქართველოს შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნება. ვფიქრობ, ახლა შეერთებული შტატების მოვალეობაა გაუძღვეს გაფართოების ახალ ტალღას და შემდეგი ლოგიკური კანდიდატი, ყველაზე ძლიერი კანდიდატი საქართველოა. ეს ცხადია“, – განაცხადა მან.