ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული ავიარეისები განხორციელდება

29.10.2019 ტაილანდი – ინდოეთში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით და მხარდაჭერით, 2019 წლის 28 დეკემბრიდან, ტაილანდური კომპანია Thai Air Asia X” ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული ავიარეისების განხორციელებას იწყებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ტაილანდის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა (რეზიდენციით ქ. ნიუ დელი) ბანგკოკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა კომპანია “Thai Air Asia X”-ის მთავარ აღმასრულებელ ხელმძღვანელთან ნადდა ბურანასირისთან.
აღნიშნული მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის აპრილიდან ტაილანდში მგზავრობის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ტაილანდის საზღვარზე აიღონ ტაილანდის ტურისტული ვიზა 15-დღიანი პერიოდით. ასევე, ძალაშია შესული და მოქმედებს მხარეებს შორის 2018 წლის 26 სექტემბერს ხელმოწერილი საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს მთავრობებს შორის შეთანხმება დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ.

საყურადღებოა, რომ 2018 წლის მარტში საქართველოს ვიზიტით ეწვია ტაილანდის პრინცესა მაჰა ჩაკრი სირინდჰორნი, რომლის ვიზიტმა ასევე მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტაილანდიდან საქართველოში ტურისტების ნაკადის ზრდას.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, ტაილანდიდან საქართველოს ეწვია 4,971 ვიზიტორი, რაც 110.4%-იან ზრდას შეადგენს გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.