აშშ-ს იუსტიციის ორგანოებმა რუსეთის 13 მოქალაქეს ოფიციალური ბრალდება წაუყენეს

საგანგებო პროკურორმა რობერტ მუელერმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან წერილები და საბუთები მოითხოვა. მოთხოვნა პრეზიდენტის გარდა მის ცხრა უახლოეს მრჩეველსაც ეხება, მათ შორის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს პოლ მანაფორტსა და ყოფილ მთავარ მრჩეველს სტრატეგიულ საკითხებში სტივენ ბენონს, – იუწყება ტელეარხი NBC.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, გამომძიებლებს სურთ შეისწავლონ ყველა წერილი, ასევე საბუთები, სატელეფონო ზარების მონაცემები, რომლებიც 2015 წლის 1 ნოემბრის შემდეგ არის შედგენილი. ტელეარხის ინფორმაციით, ამ დროისთვის ტრამპი უკვე ოთხ თვეზე მეტ ხნის განმავლობაში აწარმოებდა წინასაარჩევნო კამპანიას.

საგანგებო პროკურორი რობერტ მუელერი ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში რუსეთის ჩარევის საქმეს იძიებს. აშშ-ს იუსტიციის ორგანოებმა რუსეთის 13 მოქალაქეს ოფიციალური ბრალდება წაუყენეს აშშ-ს საპრეზიდენტო კამპანიაში ჩარევის გამო, რის შესახებაც მუელერმა 16 თებერვალს განაცხადა.