ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ხმების დათვლა დაასრულა. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული, 3705 უბნის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი – 37,74 % მიიღო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს მხარი 615 624-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, გრიგოლ ვაშაძეს კი 601 188-მ.
ქვეყნის მასშტაბით სულ 3705 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.
რაც შეეხებათ სხვა კანდიდატებს: 10,97 %-მა დაუჭირა მხარი დავით ბაქრაძეს, 3,74 %-მა შალვა ნათელაშვილს, 2,26 %-მა – დავით უსუფაშვილს, 2,26 %-მა – ზურაბ ჯაფარიძეს და 1,33 %-მა – კახა კუკავას.