საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით 24:00 საათამდე გაგრძელდება

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით არჩევნების დღის 24:00 საათამდე გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ეკუთვნის.

როგორც ცესკოში აცხადებენ, გადაწყვეტილების მიზანია „ჩვენს თანამოქალაქეებს მიეცეთ მეტი შესაძლებლობა, ისარგებლონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით“.

რაც შეეხება ავღანეთს – იქ მოსამსახურე ქართველმა სამხედროებმა, 26 ნოემბერს მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. აღნიშნული ხმები დაითვლება 28 ნოემბერს ცესკო-ში, საქართველოში კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 2 კანდიდატი. ესენია: №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი.

„საარჩევნო უბანზე მისვლისას ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც მან უნდა შემოხაზოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი, გადახაზულია ყველა კანდიდატი ან არც ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი არ არის შემოხაზული, ასეთი ბიულეტენი გაბათილდება და არ ჩაითვლება ნამდვილ ხმებში. აღსანიშნავია, რომ ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომია და საჯაროდ გამოკრულია ბიულეტენების შევსების წესი“, – განმარტავენ ცესკო-ში.

ხმის მიცემა ფარულია. დაუშვებელია ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ნებისმიერი სახის კონტროლი. საარჩევნო კაბინაში დაუშვებელია ფოტო-ვიდეო გადაღება.

ბიულეტენები დაბეჭდილია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ასევე 4 უბნისთვის დაბეჭდილია სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური).

28 ნოემბრის არჩევნებისთვის 3 703 საარჩევნო უბანია შექმნილი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658 – ია.

არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 500-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 2 300-მდე ჟურნალისტი.

„28 ნოემბერს, 20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. საარჩევნო უბანზე ყველა ოფიციალური პროცედურის დასრულების შემდეგ, საუბნო შემაჯამებელი ოქმები მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს. საოლქო საარჩევნო კომისიები სპეციალური პროგრამის საშუალებით, უმოკლეს ვადაში, ელექტრონულად მოაწვდიან ცესკოს და შემაჯამებელი ოქმები მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge“, – აცხადებენ ცესკოში.