ჩვენ არც ბიძინა ივანიშვილი და ეს მექრთამეები გვინდა, მაგრამ კიდევ უფრო არ გვინდა სააკაშვილის დაბრუნება, აი ეს თქვა გუშინ ხალხმა, – ამის შესახებ „პალიტრანიუსთან“ საუბარში საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ არჩევნებზე ჩვენ ზიზღის და სიძულვილის შეჯიბრი მივიღეთ. ვისაც აინტერესებს, როგორი იყო წინასაარჩევნო კამპანია, მიუხედავად დაძაბულობისა, გადაავლონ თვალი შარშანდელ თვითმმართველობის და მერის არჩევნებს. კი, ვიტრაბახებ, რომ მაშინ ჩვენ გვქონდა დაძაბული წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ ძალიან თემატური – გამწვანებაზე, ტრანსპორტზე. ახლა ჩვენ სიძულვილში, ზიზღში, ტალახის სროლაში შეჯიბრს ვხედავდით. ერთმანეთს ორი რეგრესული ძალა ებრძოდა. მე არ ვიცი, გამოიტანს თუ არა დასკვნას სააკაშვილი, მაგრამ ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სააკაშვილის დაბრუნება, რევანშიზმი და ძალადობა არავის უნდა. მათ შორის არც იმ ხალხს, ვინც ხმა გრიგოლ ვაშაძეს მისცა. ჩვენ ყველას გვინდა ამ ქვეყნის წინსვლა, სიმშვიდე, სიწყნარე, არ გვინდა ეს გადატრიალებები და გადმოტრიალებები, რაც თავიდან ვერაფრით ვერ ამოიგდო სააკაშვილმა. მე ვურჩევ მას, რომ რამე დასკვნა გამოიტანოს. ამ ქვეყანაში რევოლუციები, სისხლისღვრა, ცემა-ტყეპა, ძვლებში გადამტვრევა და ანგარიშსწორება არავის გვინდა. აი ეს თქვა გუშინ ხალხმა. დაიძახოს, აბა, სააკაშვილმა – რამდენი ხალხი გამოვა გარეთ? როგორც ხედავთ, მას გაერთიანებული ოპოზიციაც კი არ ემორჩილება. ჩვენ არც ბიძინა ივანიშვილი და ეს მექრთამეები გვინდა, მაგრამ კიდევ უფრო არ გვინდა სააკაშვილის დაბრუნება. ეს აჩვენა გუშინდელმა შედეგებმაც“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, თუ სააკაშვილი შედეგებიდან დასკვნებს გამოიტანს, ეს მისთვის იქნება უკეთესი.
„თუ არა, და იქნიოს ასე ჰაერზე მუშტები, ხან ზღვას რომ გადმოცურავს და ხან ივანიშვილის რეჟიმი რომ გუშინ დაასრულა… იცხოვროს მაშინ თავის წარმოსახვით სამყაროში. რაც შეეხება უკრაინაში მის შესაძლო დაბრუნებას, სააკაშვილი არის ის, აი „ფრილანსერს“ რომ ეძახიან, თავისუფლად მოთამაშე პოლიტიკოსია. შეიძლება უგანდის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაებას. მან უნდა გაიგოს ერთი რამ – ხალხს არ უნდა ძალადობა“, – აღნიშნა საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა.