ამ ზაფხულს აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში მომიწია წასვლამ, V-VI საუკუნეებით დათარიღებული ეკლესია უნდა მენახა. იქ მისვლამდე უამრავ ცარიელ სახლს ჩავუარეთ, თუმცა ერთი გამონაკლისიც აღმოვაჩინე – ახალგაზრდა ემიგრანტი, რომელიც წლების განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობს, პერიოდულად ჩამოდის, რომ ბაბუის სახლი აღადგინოს…
“ამ კაცმა ჩაგვისახა პატარა იმედი, რომ სოფელი არ დაიცლება და ვიღაც ხვალ-ზეგ მაინც დაფიქრდება, რომ წარსული ძალიან მნიშვნელოვანია”, – მეუბნება ტაძრის წინამძღვარიმამა ანდრია მელია.
Ambebi.ge ქართველ ემიგრანტს, გოდერძი გაბუნიას დაუკავშირდა:
– 2005 წელს წავედი ამერიკაში, ფლორიდის შტატში. ჩემი თაობის ქართველი ახალგაზრდებისთვის “ამერიკული ოცნება” ბევრს ნიშნავდა… დამკვიდრება არ გამჭირვებია, რადგან მანამდე იქ ჩემი მეგობარი წავიდა ოჯახთან ერთად და სამსახურისა და ბინის საკითხი წინასწარ მომიგვარა. მოკლედ, ფლორიდის პატარა საპორტო ქალაქ ტამბა-ბეიში დავსახლდი, მაგრამ ტენიანი ჰავა იმდენად საგრძნობი იყო, მიწას ბუღი ასდიოდა და მეგონა, დარჩენას ვეღარ შევძლებდი. შეგუება ძალიან გამიჭირდა, რასაც ნოსტალგია და დამოუკიდებლად ცხოვრებაც ემატებოდა… მერე ინგლისური ენის კურსები გავიარე, მიუხედავად იმისა, რომ ენას მეტ-ნაკლებად ვფლობდი და პარალელურად, საკაბელო კომპანიაში დავიწყე მუშაობა. თუმცა იმდენად მძიმე საქმე იყო, სხვა სამსახურის ძებნა დავიწყე…
ტამბა-ბეი მშვიდი საკურორტო ზონაა. ქალაქში ბევრი სასტუმროა და ერთ-ერთში დავსაქმდი. აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარეობდა და პრაქტიკულად, პირველი ვიყავი, ვინც ვიზიტორებს იღებდა და აბინავებდა. სტუმრების მანქანების პარკირება, დაბინავება, ბარგის შენახვა და სხვა ტექნიკური საკითხები მევალებოდა. სირთულე ის იყო, რომ ყველა ეროვნების ადამიანთან მიწევდა ურთიერთობა და რადგან ენას კარგად ვერ ვფლობდი, ცუდი ინგლისურით მოლაპარაკეთა საუბარს ჟესტიკულაციით ვიგებდი. ხშირად გვსტუმრობდნენ ლათინელამერიკელები და მათთან ურთიერთობით დროთა განმავლობაში ესპანურიც ავითვისე. ჩემი მუშაობის პერიოდში სასტუმროში რუსულად მხოლოდ მე ვსაუბრობდი, პოსტსაბჭოთა სივრციდან კი ბევრი სტუმარი გვყავდა. შეიძლება ითქვას, გამიმართლა, რადგან მათთან კომუნიკაცია არ მიჭირდა, ეს კი ახალი თანამშრომლისთვის პლუსი იყო.
ჩვენს სასტუმროს ფლორიდის შტატში რამდენიმე ფილიალი ჰქონდა და როდესაც ხალხმრავალი კონფერენციები იმართებოდა, სტუმრებს სხვა ქალაქების – ორლანდოს, ჯექსონვილისა და მაიამის სასტუმროებში ანაწილებდნენ. ჩვენც თან მივყავდით. ვიზიტორები მაღალი კლასის მომსახურებას ითხოვდნენ და შესაბამისად, ხშირად გვქონდა ტრენინგები, გადამზადება… ერთი სიტყვით, შრომატევადი საქმე იყო. თუმცა იქ მუშაობამ მომცა შესაძლებლობა, რომ რამდენიმე ენა, მათ შორის, გერმანული და ესპანური მესწავლა და ინგლისური უფრო განმემტკიცებინა… ამერიკა არის ქვეყანა, სადაც ყველას შეუძლია უკეთესი მომავლის შექმნა და რაც მეტი გამოცდილება გაქვს, უფრო დაფასებული ხარ, ეს ანაზღაურებაზეც აისახება… კიდევ ერთი, რაც თვალში საცემია, ის არის, რომ ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეუძლია ახალი პროფესიის დაუფლება და ეს უხერხულობას არავის უქმნის. მაგალითად, 50-60 წლის სტუდენტები იქ არავის უკვირს…
იყო შემთხვევები, როდესაც სასტუმროში ქორწილებსაც იხდიდნენ, თავიანთი ქვეყნების ტრადიციების დაცვით. მახსოვს ინდოელების ქორწილი – მათი ტრადიციიდან გამომდინარე, სასტუმროში სპილოს მოყვანა მოინდომეს, რათა მასზე ამხედრებულ სასიძოს საპატიო წრე დაერტყა. ამის უფლება სასტუმროს ადმინისტრაციამ არ მისცა და ინდოელები აღშფოთდნენ, შეთანხმებული ვიყავითო და იმხელა სპილო მოიყვანეს, ადმინისტრაცია გადაირია, პატარა მაინც მოგეყვანათო… მოკლედ, კომიკური სიტუაცია შეიქმნა და ბოლოს სიძე ცხენით შემოვიდა, სასტუმროს ტერიტორიაზე კი უამრავი ყვავილი, ფოთოლი და ფული დაყარეს. ფულის შემგროვებელი ცალკე ჰყავდათ, ყვავილები კი დატოვეს.
– ფილადელფიაში როდის წახვედით?
– ჩემი ნაცნობი ქართველების დახმარებით რამდენიმე წლის შემდეგ ფილადელფიაში გადავედი. პენსილვანიის შტატის ამ ქალაქში უამრავი ქართველი ცხოვრობს. რაც მთავარია, კლიმატი ძალიან ჰგავს ჩვენსას, თუმცა უფრო მკაცრი ზამთარი იცის. ფლორიდაში 10 წელი მუდმივად ზაფხულში ვიცხოვრე და თოვლი ძალიან მენატრებოდა. ფილადელფიაში თითქოს ნატვრა ამისრულდა, იმავე წელს დიდი თოვლი მოვიდა. ეს არის მჭიდროდ დასახლებული ქალაქი, ცხოვრების სწრაფი ტემპითა და უამრავი ქვეყნიდან ჩასული ემიგრანტით, სადაც თვითრეალიზაციის პრობლემა არავის აქვს. იქ სრულიად სხვა ამერიკა დამხვდა, მაგრამ უამრავი ქართველი ცხოვრობს და ამიტომაც უფრო მემშობლიურება… ფლორიდაში ქართული რესტორანი არ იყო, მე კი ყველაფერი მშობლიური ისე მენატრებოდა, დავფიქრდი, ხომ არ გავხსნა-მეთქი, მით უფრო, რომ კერძების მომზადება კარგად გამომდის. უკვე მესამე წელია ფილადელფიის სწრაფი ტემპით ვცხოვრობ.
– თუმცა საქართველოც არ დაგვიწყებია…
– საქართველო არასდროს დამვიწყებია. პერიოდულად ჩამოვდიოდი… დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველ ემიგრანტს უნდა დაბრუნება, მაგრამ ზოგი ახერხებს, ზოგი ვერა… ჩემი ამერიკაში წასვლის მოტივი ბავშვობის ოცნებების ახდენა იყო, მაგრამ ახლა ერთი სული მაქვს, წლიდან წლამდე დრო სწრაფად გავიდეს, რომ ჩემს ქვეყანაში ჩავიდე და დაწყებულ საქმეს რამე შევმატო.
ბაბუასეული სახლი სეფიეთში მაქვს. ბავშვობა იქ გავატარე და ძალიან ძვირფასია ჩემთვის. როდესაც ბაბუის კარ-მიდამოს გამართვა დავიწყე, იქაურებს უკვირდათ, აქედან თბილისში გარბიან, შენ კი ამდენი წელი ამერიკაში იცხოვრე და სოფელში რა გინდაო?! თითქმის ყველაფერი ჩემი ხელით გავაკეთე, ეს კი იმ საოცარ ენერგიას მაძლევს, რომელიც ამერიკაში მიმყვება. 13 წელზე მეტია ემიგრაციაში ვარ და ზუსტად ვიცი, რომ საქართველოსთანა ქვეყანა და ხალხი მსოფლიოში არ არსებობს. ამერიკა საოცარი სახელმწიფოა, მაგრამ მე საქართველო ყველაფერს მირჩევნია, სხვაგან ბედნიერი ვერ ვიქნები.
მამაჩემის ოცნება იყო, სოფელში სახლი გვქონოდა და როცა მოგვინდებოდა, ჩავსულიყავით. თითქმის თავიდან დავიწყე ყველაფერი. ჯერ სახლის რესტავრაციას ვფიქრობდი, მაგრამ სახლი რამდენიმე ათეული წლის იყო და ხვალ-ზეგ მაინც დაინგრეოდა. რადგან ბაბუას აშენებული იყო, მისი ხსოვნის პატივსაცემად საძირკველი შევუნარჩუნე და მასზე ახალი ავაშენე. სოფელი ძალიან მიყვარს. ბავშვობის მეგობრები, ახალგაზრდები და უფროსი თაობის ადამიანებიც ისე მეხმარებოდნენ, როგორც შეეძლოთ. ეზოში რამდენიმე ძირი ნერგი დავრგე, ახლობელმა ბიჭმა გამოიარა და მთხოვა, ერთ ცალს მე დავრგავ, მინდა ყველა გავლა-გამოვლაზე ვუყურებდე, როგორ იზრდებაო.
წელს ჩემი წინაპრების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების დაბრუნება-გადაფორმებასაც შევეჭიდე, რომელიც პროცედურულად რთული აღმოჩნდა – პროცესი ახლაც გრძელდება, მაგრამ აუცილებლად ბოლომდე მივიყვან.
– თქვენს სოფელში უამრავი დაკეტილი სახლი ვნახე. ეს, ალბათ, ძალიან დამთრგუნველია…
– დიახ, ჩემი სოფლიდან ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა, რისი მიზეზიც ეკონომიკური პრობლემებია. ხალხს უჭირს და ცდილობს, გადარჩეს. თუმცა მაინც მგონია, რომ არაფრის გამო არ ღირს ფუძის დავიწყება. ეს ხალხიც, ადრე თუ გვიან, თავის კერას დაუბრუნდება.
– სოფელში გაქვთ მე-5 საუკუნის ეკლესია, ძალიან მნიშვნელოვანი წარსულით.
– სეფიეთის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია ქვითა და აგურით ნაშენი სამნავიანი ბაზილიკაა. ამ ეკლესიაზე ბევრი რამ უცნობია. კარგია, რომ სასულიერო პირი ტაძარზე ზრუნავს და ცდილობს ყველას, ვისაც მისი აღდგენა და შესწავლა ხელეწიფება, ხმა მიაწვდინოს. ვიცი, რომ სასიკეთო ძვრებიც დაიწყო.
– დედულეთშიც გაქვთ სოფელი და როგორც ვიცი, გეგმაც შედგენილი გქონიათ…
– ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ და ის წლები, გარემო, შეუძლებელია არ გიყვარდეს. ყოველთვის მინდოდა მიწასთან ახლო კავშირი მქონოდა. დედულეთი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორულუში მაქვს. როგორც კი შანსი მომეცა, 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ვიყიდე და თხილი ჩავყარე. ისიც სამოსახლოდ მინდა, პატარა სახლის აშენებას ვგეგმავ, ამასთან, ყოველთვის მინდოდა თევზი მომეშენებინა და ამ საქმესაც მოვაბი თავი.
ბედნიერი ვარ, რომ ბავშვობის ოცნებებიდან რამდენიმე ავისრულე… კიდევ მაქვს გეგმები…
წყარო ამბები