“შეშფოთებული ვართ იმ კადრებით, რაც გუშინ იყო. მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ. არჩევნების შემდეგ საქართველომ უნდა განაგრძოს წინსვლა”

საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას, თუმცა ამ უფლებების განხორციელება წყნარად და მშვიდობიანად უნდა მოხდეს. ამის შესახებ ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს მომხდარი დაპირისპირებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რაც შეეხება გუშინ განვითარებულ მოვლენებს, აშშ, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ ამ უფლებების განხორციელება მშვიდად და მშვიდობიანად მოხდეს. ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ იმ კადრებით, რაც გუშინ იყო. მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ. არჩევნების შემდეგ საქართველომ უნდა განაგრძოს წინსვლა და იმუშაოს მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ქვეყნისა და მისი მომავლის გაძლიერება“, – განაცხადა როს უილსონმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიცია თელავში აქციის გამართვას გეგმავდა. პოლიციის მიერ გზის გადაკეტვის გამო, მათ სოფელ ველისციხიდან თელავისკენ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.