აშშ-ს ხელისუფლების გადაწყვეტილება იუნესკო-ს დატოვების შესახებ დღეს ძალაში შევიდა.
დღეიდან აშშ წყვეტს სრულუფლებიან წევრობას იუნესკოში და დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსით რჩება. აღნიშნული ნიშნავს, რომ აშშ-ს არ მოუწევს საწევრო გადასახადის გადახდა და ვერ იქნება არჩეული იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტში.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 13 ოქტომბერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა იუნესკო-დან გასვლის თაობაზე განცხადება გაავრცელა.
„აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება იოლი არ იყო. ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია აშშ-ის შეშფოთებით, რომელიც უკავშირდება იუნესკოში ფუნდამენტური რეფორმის განხორციელებას და ანტიისრაელურ მიკერძოებულობას“, – განაცხადა თავის დროზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰეზერ ნაუერტმა.