თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – “თურქეთს არ ეშინია ტრამპის მუქარის”

თურქეთს არ ეშინია ტრამპის მუქარის, – ასე გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებას, რომ თურქეთს ეკონომიკურად გაანადგურებს, თუ ანკარა სირიაში ქურთებს დაარტყამს.

„სტრატეგიული პარტნიორობის თემებს სოციალურ ქსელში არ განიხილავენ. აშშ-სთან კომუნიკაციის ყველა არხები ღია გვაქვს. ვხედავთ, რომ ტრამპზე დიდი ზეწოლა ხორციელდება ჯარები სირიიდან რომ არ გამოიყვანოს და ის რთულ სიტუაციაშია. მიუხედავად ამისა, ამგვარი თემების სოციალური ქსელით განხილვა არ შეიძლება“, – განაცხადა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მევლუთ ჩავუშოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთს მუქარების არ ეშინია.

„ტერორისტებთან თანამშრომლობა არაფრის მომტანია. საჭმლისა და წყლის გარეშეც რომ დავრჩეთ, გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა. აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინონ თურქეთის მიმართ“, – დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთს ეკონომიკური განადგურებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს სირიიდან გასვლის შემდეგ ანკარა სირიელ ქურთებს დაარტყამს.