25% გამოკითხულ ამერიკელთაგან მიიჩნევს, რომ „ღმერთს დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება“ სურდა

გამოკითხული ამერიკელების 25% მიიჩნევს, რომ „ღმერთს დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება“ სურდა. აღნიშნულს ცხადყოფს ტელეარხი Fox News-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა.

კითხვაზე, „გჯერათ თუ არა, რომ ღმერთს სურდა, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გამხდარიყო?“, გამოკითხული ამერიკელების 25%-მა დადებითად უპასუხა, 62%-მა უარყოფითი პასუხი მისცა, ხოლო 14%-მა განაცხადა, რომ დარწმუნებული არ არიან.

შეგახსენებთ, რომ 31 იანვარს თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი იმიტომ გახდა, რომ ეს ღმერთს სურდა.

„ვფიქრობ, ღმერთი თითოეულ ჩვენთაგანს გვიხმობს სხვადასხვა დროს ამა თუ იმ როლის შესასრულებლად და ჩემი რწმენით, ღმერთს სურდა, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გამხდარიყო და ზუსტად ამიტომაც ის იქ არის, სადაც არის“, – განაცხადა სარა სანდერსმა.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ „ტრამპმა უზარმაზარი სამუშაო განახორციელა მორწმუნეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად“.