პირველად საქართველოში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო სტრატეგია შეიქმნა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე დიასპორის საკითხებში სახელმწიფოს სტრატეგია „ერთიანი, ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“ გააცნო საზოგადოებას.

დიასპორის მნიშვნელობა დიასპორის განსაკუთრებული მნიშვნელობა მრავალი ფაქტორით არის განპირობებული.

მათ შორის: ადამიანისეული კაპიტალი – საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების მზარდი ტენდენციის პირობებში საქართველოდან წასული ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნება ქვეყნის განვითარებისათვის უაღრესად ფასეულია.

წვლილი ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში – საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს ფულადი გზავნილებით, დიასპორული ინვესტიციებით, ქველმოქმედებითა და მიმღებ და წარმოშობის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების წახალისების გზით ღირებული წვლილი შეაქვთ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.

სახალხო დიპლომატია – ჩვენს თანამემამულეებს თავიანთი საქმიანობით საკუთარი წვლილი შეაქვთ ადგილსამყოფელი ქვეყნების განვითარებაში, რითაც მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციასა და დადებითი იმიჯის შექმნას. დიასპორასა და მიმღები სახელმწიფოების მოქალაქეებს შორის არსებული ურთიერთობებით საქართველო ათასობით მეგობარსა და მხარდამჭერს იძენს, რაც განაპირობებს ქართული დიასპორის ფასდაუდებელ როლს სახალხო დიპლომატიაში. პროგრამის შესახებ პროგრამა შემუშავებულ იქნა დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ, რის შემდეგაც დაეგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტებს, დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებს, საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტს, დიასპორულ ორგანიზაციებს, მიგრაციის სფეროთი დაინტერესებულ ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს. პროგრამაში გათვალისწინებული იქნა შემოსული რეკომენდაციების დიდი ნაწილი. პროგრამის მიზანი დიასპორის ერთიანობის, სიძლიერისა და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის განვითარების უზრუნველყოფა. პროგრამის ამოცანები:

1. თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების საერთო ინტერესების განხორციელების ხელშეწყობა აღნიშნული ამოცანის უზრუნველსაყოფად, პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:

• დიასპორის პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის მექანიზმების ერთობლივად დასახვა;

• დიასპორაში მიმდინარე მოვლენებისა და არსებული პროექტების შესახებ საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა;

• დიასპორის შესახებ კვალიფიციური ანალიტიკური ინფორმაციის მოპოვებისა და არსებულ პრობლემათა გადაჭრის ინოვაციური მიდგომების დანერგვის მიზნით დიასპორის საკითხებზე სამეცნიერო მუშაობის ხელშეწყობა;

• თანამემამულეებისათვის სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დიასპორასთან დაკავშირებული საკითხების, წინადადებების, პროექტების შემუშავებაში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა;

• საზღვარგარეთ თანამემამულეთა დარგობრივი გაერთიანებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და საქართველოს შესაბამის უწყებებთან მათი დაკავშირება;

• დარგობრივი გაერთიანებების მეშვეობით საზღვარგარეთ მოღვაწე პროფესიონალთა დაკავშირება საქართველოში მოღვაწე კოლეგებთან;

• ფორუმებისა და კონფერენციების ორგანიზება, რომლებიც ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების გზით სხვადასხვა სფეროში ახალი იდეების გაჩენასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვას; 2. თანამემამულეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობა.

2.1 თანამემამულეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა აღნიშნული ქვეამოცანის უზრუნველსაყოფად, პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:

• დიასპორის წარმომადგენლებისათვის „ცხელი ხაზის“ ამოქმედება, რომლის დახმარებითაც მოხდება პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების მოძიება;

• საზღვარგარეთ დიასპორის წარმომადგენლებისათვის სამედიცინო აქციების, ექიმების ჯგუფის გაგზავნის, უფასო სამედიცინო კონსულტაციებისა და მკურნალობის ხელშეწყობა;

• თანამემამულეებისათვის მშობლიურ ენაზე იურიდიული კონსულტაციის გაწევა;

• თანამემამულეებისათვის ადგილსამყოფელ ქვეყნებში მიგრანტებისათვის საჭირო ინფორმაცის მიწოდება;

• ადგილსამყოფელი ქვეყნის განვითარებაში ქართული დიასპორის მიერ შეტანილი წვლილის წარმოჩენა და დაფასება.

2.2 ეროვნული იდენტობის და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება აღნიშნული ქვეამოცანის უზრუნველსაყოფად, პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:

• საკვირაო სკოლების საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური და იდეური მხარდაჭერა;

• ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის შესწავლის ხელშეწყობა;

• უცხოეთში არსებული ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა;

• საქართველოში მოქმედი თეატრალური დასების, ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლებისა და ცალკეული მუსიკოსების გასტროლების ხელშეწყობა დიასპორის ადგილსამყოფელ ქვეყნებში.

• საზღვარგარეთ მცხოვრები ხელოვანების ნამუშევრების პოპულარიზაცია საქართველოში;

2.3 დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობა აღნიშნული ქვეამოცანის უზრუნველსაყოფად, პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:

• თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ პერიოდულად განახლებადი ელექტრონული ბაზის შექმნა და სრულყოფა;

• დიასპორულ ორგანიზაციებთან და დიასპორის წარმომადგენლებთან ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარება;

• დიასპორული ორგანიზაციების მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა;

• ტრენინგების ორგანიზება დიასპორული ორგანიზაციების მართვის ეფექტიანობის ასამაღლებლად;

• დიასპორულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

3. სახელმწიფოსა და დიასპორას შორის ორმხრივ სარგებლიანობაზე დაფუძნებული მდგრადი კავშირის განვითარება აღნიშნული ამოცანის უზრუნველსაყოფად, პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:

• საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების ელექტრონული ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;

• თანამემამულეებისათვის ერთიანი საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცის ვებპორტალის აპლიკაციის შექმნისა და მისი მეშვეობით მზარდი ინფორმაციული ნაკადის ერთმანეთში გაცვლის ხელშეწყობა;

• დიასპორული პროექტებისა და თანამემამულეებისათვის არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პროაქტიულად უზრუნველყოფა;

• უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მეცნიერების, საქართველოს სამეცნიერო სივრცის განვითარებაში ჩართულობის ხელშეწყობა.

• უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის რეგულარულად მიწოდება;

• დიასპორის ჩართულობის ზრდა საქართველოს საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციაში, ტურისტული პოტენციალის რეკლამირებაში და ქართული პროდუქციის ადგილსამყოფელ ქვეყანაში ექსპორტის წახალისებაში;

• უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე ბიზნესმენების მიერ საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების დაბანდების, აგრეთვე, მათი დახმარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და საერთაშორისო ბიზნესწრეებში საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაციაში დიასპორის აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა;

• ახალგაზრდა თაობის პოტენციალის რეალიზების, სამშობლოში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოს პოპულარიზაციაში აქტიური ჩართულობის მიზნით, „ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამის არეალის გაფართოება;

• სამშობლოში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და მათი გამოცდილების გაზიარების მიზნით, დიასპორული სტაჟირების პროგრამის გაფართოება;

• სახალხო დიპლომატიის მექანიზმის აქტიური ამოქმედებისათვის ხალხთაშორისი მეგობრობის პროგრამების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობა;

• ყოველწლიური, სპორტული, დიასპორული „ოლიმპიადის“ ორგანიზება საქართველოში;

• დიასპორული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;

• „ქართული დიასპორის დღის“ – 27 მაისის აღნიშვნა.

• სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობა:

• საქართველოში მოქმედი სარეინტეგრაციო პროგრამების შესახებ ინფორმაციის აქტიურად მიწოდება; • ახალი სარეინტეგრაციო პროგრამების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობა.

წყარო ipress.ge