რასა იუკნევიჩიენე – საქართველო ნატო-ს წევრობისთვის უფრო მზად არის, ვიდრე ნატო-ს წევრი ზოგიერთი ქვეყანა, მაგრამ…

საქართველო მზად არის ნატო-ს წევრობისთვის და რიგ შემთხვევებში, უფრო მზად არის, ვიდრე ნატო-ს წევრი ზოგიერთი ქვეყანა, – განუცხადა „ინტერპრესნიუს“ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ლიტვის დელეგაციის ხელმძღვანელმა რასა იუკნევიჩიენემ.

„მე რამდენჯერმე ვისაუბრე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომ საქართველო მზად არის ნატო-ს წევრობისთვის და რიგ შემთხვევებში, უფრო მზად არის, ვიდრე ნატო-ს წევრი ზოგიერთი ქვეყანა, მაგრამ რუსეთის ფაქტორი ჯერ კიდევ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სამწუხაროდ, ჩვენს მიმართაც მსგავს არგუმენტებს იყენებდნენ, როდესაც ნატო-ში 1999 წელს არ მიგვიღეს. იმ დროს ბევრი ექსპერტი დარწმუნებული იყო, რომ ჩვენ მზად ვიყავით ნატო-ს წევრობისთვის, თუმცა მხოლოდ 5 წლის შემდეგ მიგვიღეს. ნატო-ს წევრ რიგ ქვეყნებში, რომლებსაც არ დავასახელებ, აწუხებთ ის, რომ რუსეთის პროვოცირება არ მოახდინონ. მე მათ ვუპასუხებდი, რომ რუსეთის ირგვლივ მყოფ ქვეყნებში უსაფრთხოების ნაკლებობა და ვაკუუმი წარმოადგენს ყველაზე დიდ პროვოკაციას“, – განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიის გაძლიერების, გამჭვირვალობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაუმჯობესების, ეკონომიკური განვითარების კუთხით.

„თუმცა, ჩვენ ვაღიარებთ, რომ თქვენ უნდა განაგრძოთ ძალისხმევა კანონის უზენაესობის, მედია პლურალიზმის გაძლიერების კუთხით და შეამციროთ ძალიან მაღალი პოლიტიკური პოლარიზაცია. ის მესიჯები, რომელიც საქართველოდან მოდის ყოფილი პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებაზე, რაც ხშირად არ ხდება ევროპულ დემოკრატიებში, სიმართლე გითხრათ, ბევრს აწუხებს დასავლურ დემოკრატიებში. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ზოგიერთები ფიქრობენ, რომ საქართველო ჯერ მზად არ არის ნატო-ს წევრობისთვის“, – აღნიშნა მან.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აშშ-ის ახალი მთავრობის პოზიცია. მისივე თქმით, საიდუმლო არ არის, რომ აშშ-ის ნატო-ში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აქვს, ვინაიდან ნატო-ს ხარჯების 70% აშშ-ზე მოდის.

„ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ, გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა და ნატო-ს წევრი ქვეყნები დავარწმუნოთ, რომ მათ აზრი შეიცვალონ. საჭიროა მოთმინება, გეოპოლიტიკური სიტუაციის გაგება, თქვენ არ ხართ ბალტიისპირეთის რეგიონში. გეოგრაფიულად თქვენ ევროპაში ხართ, მაგრამ თქვენს ირგვლივ არასტაბილურობაა. ჩემი რჩევაა, რომ საქართველომ მაქსიმალურად შეასრულოს ნატო-ს სტანდარტები. უფრო მეტიც, თქვენ ორჯერ უკეთესები უნდა იყოთ, ვიდრე ნატო-ს წევრები. მთავარია, საქართველო არ დანებდეს, მოთმინება გამოიჩინოს და ის სამუშაო შეასრულოს, რაც დაიწყო. ქვეყნის დემოკრატიზაცია მთავარი ამოცანაა. მე მჯერა, რომ ერთ დღეს საქართველო ნატო-ს წევრი გახდება“, – განაგრძო რასა იუკნევეჩიენემ.

სწარო IPN