გიორგი კვირიკაშვილი – სპეციალური ჯილდოებით წავახალისებთ დიასპორის წარმომადგენლებს

კვირიკაშვილი-ამერიკაში

ჩვენი დიასპორის ასობით ათასი წარმომადგენელი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს რესურსს, ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, დიასპორის ფორუმზე განაცხადა.

პრემიერმა ფორუმზე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მიმართა და დიასპორაში ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

”დღევანდელი ჩვენი შეკრება და ეს ფორუმი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოს სჭირდება თითოეული თავისი თანამემამულე, მათი ინტელექტუალური პოტენციალი და პროფესიული გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, ჩვენს დიასპორას აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები, რომ ჩაერთოს საქართველოში მიმდინარე პროცესებში და თავისი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის წინსვლაში და ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში. მჯერა, რომ სწორედ თქვენთან ერთად, მთელ მსოფლიოში გაფანტულ ჩვენს თანამემამულეებთან ერთად, ჩვენ შევძლებთ, ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო და ჩვენი ქვეყანა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ. ქართული სახელმწიფოსთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აქტიური მონაწილეობა იმ ქვეყნების ცხოვრებაში, სადაც დღეს თქვენ მოღვაწეობთ.

ჩვენი დიასპორის ასობით ათასი წარმომადგენელი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს რესურსს, ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში, საქართველოს, როგორც უძველესი ცივილიზაციის, უძველესი კულტურის პოპულარიზაციასა და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო დადებითი იმიჯის დამკვიდრების საქმეში.

თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია იმ მიმართულებითაც, რომ ფართო აუდიტორია იყოს ინფორმირებული საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესახებ. ამიტომაც ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ თქვენ ჩაერთოთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებულ საინფორმაციო ცენტრებში და მათ საქმიანობაში მიიღოთ ძალიან აქტიური მონაწილეობა. ეს ცენტრები ემსახურება საქართველოს, როგორც ევროპული ღირებულებების მქონე ქვეყნის, იმიჯის წარმოჩენას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი მექანიზმის – სახალხო დიპლომატიის ეფექტიანი მუშაობა და ამ პროცესში თითოეული თქვენგანის მაქსიმალური ჩართულობა.

ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ დიასპორაში ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და განათლების საკითხებს. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, რომ გავზარდოთ დიასპორული ორგანიზაციებისა და საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ ჩვენს ახალგაზრდებს, უცხოეთში სასწავლებლად წასულ სტუდენტებს; განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ ქართული ენის შესწავლას ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების მომავალი თაობებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას სამშობლოში ახალგაზრდა, პროფესიონალი კადრების მოსაზიდად. შევქმენით ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემთა ბაზა და ვიმუშავებთ აქტიურად ახალგაზრდობის თითოეულ წარმომადგენელთან, რათა არც ერთი მისხალი რესურსი არ დაიკარგოს ჩვენი ქვეყნისთვის. გაღრმავდება ასევე პროგრამა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ და დიასპორული სტაჟირების პროგრამა”, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულო დაწესებულებებში ძლიერდება დიასპორასთან ურთიერთობის მიმართულება. მისივე თქმით, სპეციალური ჯილდოებით წახალისდებიან დიასპორის წარმომადგენლები, რომლებიც საზღვარგარეთ გამორჩეულად წარმატებული ადამიანები არიან, თავიანთი წვლილი შეიტანეს იმ ქვეყნების წინსვლაში, სადაც ისინი ცხოვრობენ.

”საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულო დაწესებულებებში ძლიერდება დიასპორასთან ურთიერთობის მიმართულება, რაც საშუალებას მოგვცემს უკეთ შევისწავლოთ დიასპორის წინაშე არსებული პრობლემები და რა თქმა უნდა, მივეხმაროთ მათ ამ პრობლემების გადაჭრაში.

ჩვენ, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში დიასპორის მიერ ინვესტიციების განხორციელებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვხედავთ მზარდ ტენდენციას ჩვენი ქვეყნიდან წასული ადამიანების უფრო და უფრო მეტი ჩართულობისა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცესში. გასული წლის განმავლობაში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიხილეთ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების მხრიდან, რაც ძალიან იმედისმომცემია. ჩვენი მხრივ, რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობთ ჩვენი დიასპორის დაინტერესებას საქართველოში ბიზნესის წარმოებით, ასევე გვაქვს იმედი, რომ თქვენ ძალ-ღონეს არ დაიშურებთ, რათა საერთაშორისო ბიზნესწრეებში პოპულარიზაცია გაუწიოთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს.

ჩვენ სპეციალური ჯილდოებით წავახალისებთ დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც საზღვარგარეთ გამორჩეულად წარმატებული ადამიანები არიან, თავიანთი წვლილი შეიტანეს იმ ქვეყნების წინსვლაში, სადაც ისინი ცხოვრობენ; ასევე, სპეციალური სახელმწიფო ჯილდოებით წავახალისებთ დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში”, – განაცხადა პრემიერმა.