პაოლო ალი – საქართველო უკეთესია, ვიდრე სხვა ქვეყნები, მათ შორის ნატო-ს ზოგიერთი წევრი

საქართველო უკეთესია, ვიდრე სხვა ქვეყნები, მათ შორის ნატო-ს ზოგიერთი წევრი – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ განაცხადა.

პაოლო ალის შეფასებით, საქართველოში ბევრი კუთხით ტარდება პოზიტიური რეფორმები, თუმცა გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც.

”ნატო-ს ყველა წევრ ქვეყანას რამდენიმე წელი დასჭირდა გასაწევრიანებლად, ვინაიდან არსებობს საკითხი, თუ როგორ იქნები ინტეგრირებული შეიარაღებულ ძალებთან, ანუ არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამხედრო ასპექტიცაა გასათვალისწინებელი, თუმცა საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს თავდაცვის სფეროში. ასევე საუბარია სასამართლო რეფორმაზე. ამ სფეროში კიდევ არის გასაკეთებელი. უნდა ვთქვა, რომ საქართველო უკეთესია, ვიდრე სხვა ქვეყნები, მათ შორის ნატო-ს ზოგიერთი წევრი. მაგალითად, საქართველოში კორუფციის ინდექსის მაჩვენებელი ძალიან კარგია. ჩვენ არ უნდა გავითვალისწინოთ რუსეთის გავლენა. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ საქართველოს ინტერესები ამ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში. ვფიქრობ, ამას რაღაც დრო დასჭირდება, მაგრამ საბოლოოდ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი”, – განაცხადა პაოლო ალიმ.