აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, საქართველოსთვის გათვალისწინებული თანხა ცნობილია.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში საქართველოსთვის 34,1 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფაა გათვალისწინებული.

ევროპისა და ევრაზიის პროგრამის ხაზით საქართველოსთვის 28 მილიონი აშშ დოლარია გამოყოფილი, ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისთვის – 3 მილიონი აშშ დოლარი, სტრატეგიული ვაჭრობის კონტროლის კანონმდებლობის იმპლემენტაციაზე – 900 ათასი აშშ დოლარი და ქართველი ჯარისკაცების გაწვრთნის პროგრამაზე – 2,2 მილიონი აშშ დოლარი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დაფინანსება ხელს შეუწყობს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიზაციისკენ, ეკონომიკური განვითარებისკენ და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ ეს თანხები გააძლიერებს ეკონომიკურ შესაძლებლობებს და გაზრდის წვდომას ინფორმაციის ობიექტურ წყაროებზე, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც დაუცველია რუსეთის გავლენისგან, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ესაზღვრება.

სახელმწიფო დეპარტამენტში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გათვალისწინებული პროგრამები გააძლიერებენ კანონის უზენაესობას, საზოგადოების მხრიდან ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი, ხელს შეუწყობენ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციულ პროცესში მონაწილეობას.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მხარდაჭერას თვითონ განსაზღვრონ თავიანთი მომავალი მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებით და პოლიტიკური სისტემის, ეკონომიკისა და თავდაცვის გაძლიერებით.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოქმედი ბიუჯეტით საქართველოსთვის 80 მილიონი აშშ დოლარი იყო გამოყოფილი.

ბიუჯეტის პროექტით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 29%-ით არის შემცირებული. შედარებისთვის, 2017 წლის ბიუჯეტით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის 38 მილიარდი აშშ დოლარი იყო გამოყოფილი, ხოლო 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში კი 27,1 მილიარდი აშშ დოლარია ჩადებული.

სწარო BPN