ამერიკის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი მაიკ პომპეო რუსეთის შესაკავებლად განახლებული მიდგომის პირობას დებს. „სი-ენ-ენ“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მან ამერიკის სენატის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„ჩემი დამტკიცების შემთხვევაში ეს ადმინისტრაცია განაგრძობს ძალისხმევას, რუსეთის ფედერაციის შეკავება აღადგინოს. რუსეთი აგრესიულად მოქმედებას განაგრძობს, რასაც ხელი შეუწყო მის მიმართ წლების განმავლობაში რბილმა პოლიტიკამ“, – აღნიშნა პომპეომ.
მისი თქმით, ამერიკის ადმინისტრაციის ქმედებები, რომლებსაც შეუძლია ვლადიმერ პუტინისთვის აგრესიის ფასი გაზარდოს, ხანგრძლივია. მანვე განაცხადა, რომ რუსეთის ქმედება ამერიკისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
როგორც ცნობილია, 13 მარტს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონს თანამდებობა დაატოვებინა.