მაიკ პომპეომ ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის წინაშე ფიცი დადო. ის ამერიკის რიგით 70-ე სახელმწიფო მდივანია. ფიცის დადების ცერემონია ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის შენობაში გაიმართა, რაც პირდაპირი სატელევიზიო ეთერით გადაიცემოდა.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პომპეომ ბიბლიაზე დაიფიცა, ემსახუროს ამერიკელ ხალხს. ცერემონია სიმბოლურ ხასიათს ატარებს, რადგან მაიკ პომპეო სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შესრულებას გასული კვირიდან მას შემდეგ შეუდგა, რაც მისი კანდიდატურა სენატმა 26 აპრილს დაამტკიცა. მაიკ პომპეო მაშინვე ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში გამართულ მოლაპარაკებებზე გაემართა, შემდეგ საუდის არაბეთს, ისრაელსა და იორდანიას ეწვია.
ახალმა სახელმწიფო მდივანმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ „ხისტი დიპლომატიის“ კურსს გაატარებს იმ საფრთხეების საწინააღმდეგოდ, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას, მათ შორის რუსეთის მხრიდან.