ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გერმანია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გაზსადენის პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გერმანიას მთლიანად რუსეთის ენერგიაზე დამოკიდებულს გახდის. „გერმანია მთლიანად რუსეთის ენერგიაზე დამოკიდებული გახდება, თუკი ის დაუყოვნებლივ არ შეიცვლის კურსს“, – აღნიშნა ტრამპმა.
მანვე პოლონეთი და სხვა ქვეყნები შეაქო, რომლებიც ავითარებენ ისეთ ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებიც რუსეთთან არ არის დაკავშირებული.
თავის გამოსვლაში ამერიკის ლიდერმა ისაუბრა ირანთან დაკავშირებითაც და განაცხადა, რომ ქვეყნის ლიდერები ირანში ქაოსს, სიკვდილსა და ნგრევას თესენ. მისი თქმით, ისინი პატივს არ სცემენ მეზობლებს, საზღვრებს და ხალხთა სუვერენულ უფლებებს.
„როიტერის“ ცნობით, დონალდ ტრამპის 35-წუთიანი გამოსვლის დიდი ნაწილი დაეთმო მის პოლიტიკას „ამერიკა უპირველესად“. სააგენტოს ცნობით, დონალდ ტრამპს არაფერი უთქვამს რუსეთის შეჭრაზე სირიაში და ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე.