ნიუ-იორკის ხელმძღვანელობა ამოიღებს ყველა გადასახადს, რომლებიც აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შესაძლოა, დამალული ჰქონდეს, – ამის შესახებ ქალაქის მერმა ბილ დე ბლაზიომ განაცხადა.
„ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაშიც კი ქალაქს და შტატს აქვს ძალიან ძლიერი ბერკეტები, რათა ის, ვინც გადასახადების გადახდას თავს არიდებდა, მკაცრი პასუხი აგოს. ქალაქი ნიუ-იორკი იბრძოლებს იმ თანხის მისაღებად, რომლებიც დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის მოსახლეობისთვის აქვს გადასახდელი“, – განაცხადა დე ბლაზიომ.
მისივე თქმით, გაზეთ The New York Times-ში გამოქვეყნებული ბრალდებები დონალდ ტრამპის მიმართ სინამდვილეს შეესაბამება. დე ბლაზიოს განცხადებით, ტრამპმა „საგადასახადო ორგანოები მოატყუა, გვერდი აუარა რეგულაციებს და აირიდა გამოძიებასა და სასამართლოს, რომლებსაც იმსახურებდა“.