ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ქართული საზოგადოებისგან მივიღეთ მკაფიო გზავნილი ჩვენს შეცდომებზე და იმაზე, თუ რა კონკრეტული მოლოდინები აქვს ჩვენს საზოგადოებას იმ კონკრეტულ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც მათ აწუხებთ, აწუხებს მათ ოჯახებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, „ამ არჩევნებმა ბევრი რამ დაგვანახა, რომ ამავე დროს ქვეყანაში ბევრი რამ შესაცვლელია უმოკლეს დროში“.
„საზოგადოების ეს გზავნილი მიღებული და გააზრებულია. შესაბამისად, მეორე ტურში უზრუნველვყოფთ ერთსულოვნებას, მათ შორის, ჩვენი იმ მხარდამჭერებისას, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ მიიღეს მონაწილეობა გუშინდელ არჩევნებში. მეორე ტურში, ყველა ჩვენ ერთად აღვნიშნავთ იმ ღირებულებებისა და ფასეულობის გამარჯვებას, რისთვისაც ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძოდით.
ჩვენი სამშობლოს ხვალინდელ დღეს განსაზღვრავს მხოლოდ ქართველი ერი და ეს არჩევანი აუცილებლად იქნება საწინდარი ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, აღმშენებლობის, საზოგადოების კონსოლიდაციის, შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების, ისეთის, როგორიც ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, ისტორიას და მომავალს“, – განაცხადა ბახტაძემ.