თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, დარტყმა მიაყენოს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მის ერთიანობას, „რადგან ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ემუქრებათ ჰააგაში გასამართლების საფრთხე“. ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კახა კალაძის განცხადებით, ეს სიცრუე მოიგონეს მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ისტორიისა და მისი მომავლის წინაშე.
„მინდა, გამოვეხმაურო „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგ სიცრუის კამპანიას, რომლითაც მათ ანტისახელმწიფოებრივი აზროვნების ახალი სიმაღლეები დაიპყრეს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, დარტყმა მიაყენოს ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტს – საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მის ერთიანობას. ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ემუქრებათ ჰააგაში გასამართლების საფრთხე.
ჩვენ ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი აბსურდული განცხადებებისთვის არანაირი თეორიული საფუძველიც კი არ არსებობს და „ნაციონალური მოძრაობა” უტიფრად ცდილობს საზოგადოების და ჩვენი გმირების შეცდომაში შეყვანას, მათი სახელის პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას.
მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მიტოვებულ ჩვენს გმირ ოფიცრებს, სერჟანტებსა და რიგითებს ელოდებათ არა სასამართლო, არამედ – დიდება და პატივი მადლიერი ქართველი ხალხისგან. სასამართლო ემუქრება ოკუპანტებს და ბანდფორმირებებს, რომლებმაც ეთნიკური წმენდა ჩაატარეს ქართულ მიწაზე.
ეს სიცრუე მოიგონეს მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ისტორიისა და მისი მომავლის წინაშე და ახლა, მათთვის უკვე ჩვეული ტვინის გამორეცხვის მეთოდით, რუსი პოლიტტექნოლოგების რჩევით და რეკომენდაციით, გმირი სამხედროების ზურგს ამოფარებულები, ცდილობენ, სხვას დააბრალონ ის, რაც თავად დაუშავეს ხალხს და ქვეყანას.
ამ პრინციპზეა, ზოგადად, აგებული მთელი მათი პროპაგანდა და ეს პრინციპი ყველაზე თვალსაჩინოდ, აგვისტოს ომის და ამ ომთან დაკავშირებულ საკითხებში ვლინდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.