თუ შემდეგ ჯერზე CNN-ის კორესპონდენტი ჯიმ აკოსტა არასათანადოდ მოიქცევა, ჩვენ მას გავაძევებთ ან პრესკონფერენციას შევწყვეტთ, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ის დიდად არ არის იმედგაცრუებული სასამართლოს გადაწყვეტილებით.
„მათ თქვეს, რომ ჩვენ თეთრი სახლის ჟურნალისტებისთვის ქცევის ნორმები და წესები უნდა დავადგინოთ. ჩვენ ვწერთ ამ წესებს. თუ შემდეგ ჯერზე ჯიმ აკოსტა არასათანადოდ მოიქცევა, მას გარეთ გავაძევებთ ან პრესკონფერენციას შევწყვეტთ“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ვაშინგტონის ფედერალურმა საოლქო სასამართლომ თეთრ სახლს ტელეკომპანია CNN-ის კორესპონდენტისთვის, ჯიმი აკოსტასთვის აკრედიტაციის დროებით აღდგენა და მისთვის პრესისთვის ღია ღონისძიებებზე დასწრების ნების დართვა დაავალა.
ამგვარად, სასამართლომ ტელეკომპანიის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც ითხოვდა, რომ ჯიმ აკოსტასთვის დროებით აღედგინა აკრედიტაცია იმ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე არსებითი საკითხის განხილვა მოხდება – იყო თუ არა კონსტიტუციური, დონალდ ტრამპის პრესსამსახურის გადაწყვეტილება, ტელეკომპანიის ჟურნალისტისთვის მუდმივი საშვის ჩამორთმევა. ტელეკომპანია მიჩნევს, რომ თეთრმა სახლმა კონსტიტუციის პირველი შესწორება დაარღვია, რომელიც სიტყვის თავისუფლებას შეეხება.
რამდენიმე დღის წინ, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ბრიფინგზე შელაპარაკების შემდეგ, ტელეკომპანია CNN-ის კორესპონდენტს ჯიმ აკოსტას თეთრ სახლში აკრედიტაცია შეუჩერეს. აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრესკონფერენციის დროს CNN-ის კორესპონდენტმა ჯიმ აკოსტამ დონალდ ტრამპს მიგრანტებზე კითხვა დაუსვა. აშშ-ს პრეზიდენტმა ამ კითხვას უპასუხა, რის შემდეგაც აკოსტამ განაგრძო დამაზუსტებელი კითხვების დასმა. აღნიშნულის შემდეგ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტს განუცხადა, რომ აღარ გასცემს პასუხს მის კითხვებს, თუმცა CNN-ის კორესპონდენტი კითხვების დასმას განაგრძობდა. ამ დროს ჟურნალისტს თეთრი სახლის სტაჟიორი გოგონა მიუახლოვდა, რათა მიკროფონი გამოერთმია, თუმცა ჯიმ აკოსტამ მას ამის საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტს „უხეში და საშინელი ადამიანი“ უწოდა.