საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დონალდ ტრამპს მოუწოდებს

საფრანგეთი ამერიკის პრეზიდენტს ურჩევს, საფრანგეთის შიდა საქმეებში არ ჩაერიოს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა დონალდ ტრამპის „ტვიტერზე“ დაწერილის საპასუხოდ განაცხადა.

„ყვითელი ჟილეტები“, რამდენადაც მე ვიცი, ინგლისურ ენაზე არ გამოხატავენ პროტესტს. ჩვენ არ ვერევით ამერიკის შიდა საქმეებში და გვსურს, რომ ეს ორმხრივად იყოს. ამას ვეუბნები ამერიკის პრეზიდენტს და ამავეს ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტიც: დაანებეთ ჩვენს ხალხს თავი“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმება საფრანგეთისთვის კარგად არ მუშაობს. მთელი საფრანგეთის მასშტაბით ადგილი აქვს პროტესტს და შეტაკებას. ხალხს არ უნდა დიდი ფულის გადახდა ძირითადად მესამე მსოფლიოს ქვეყნებისთვის იმისთვის, რაც, თითქოს, გარემოს დაცვას ემსახურება. ხალხი გაიძახის „ჩვენ გვინდა ტრამპი!”. მიყვარს საფრანგეთი”, – დაწერა დონალდ ტრამპმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე.