The New York Times ანიტა რაჭველიშვილზე: ახალგაზრდა მომღერალი ოპერის სამყაროს იპყრობს

The New York Times ქართველ მეცო-სოპრანოზე ანიტა რაჭველიშვილზე სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი ცნობილი მუსიკალური კრიტიკოსი ზაქრი ვულფია, რომელიც თავისი სიმპატიის გამოსახატად ცნობილი დირიჟორის, რიკარდო მუტის სიტყვებს იშველიებს, რომლის თქმით, ანიტა რაჭველიშვილი, ეჭვგარეშედ, ვერდის ამნერისის შემსრულებელი საუკეთესო მეცო-სოპრანოა მთელს პლანეტაზე. მუტისთან ერთად, მომავალი წლის ივნისში რაჭველიშვილი “აიდას” შეასრულებს.

სტატიაში ვულფი ანიტას ოპერების მიმოხილვას აკეთებს, გვიყვება მის ბავშვობაზე, როდესაც არ იყო “არც შუქი, არც წყალი, არც საჭმელი”, და საინტერესო ინტერვიუს გვთავაზობს ანიტასთან, სადაც ანიტა ამბობს, რომ თუ ერთ დღესაც ასეთივე ხმა აღარ ექნება, ის მასწავლებლობას გააგრძელებს.

სტატიაში კარგად ჩანს ვულფის აღფრთოვანება ანიტას ხმისადმი, ის წერს, რომ “ანიტას გულმკერდიდან ამოსული ხმა, რომელიც არ არის ნაძალადები, არის თბილი, ხმამაღალი და ქაშმირივით ხავერდოვანი.”

“როდესაც [ანიტას] უსმენ, მისი ხმა და ძალაუფლება სკამზე გაჯაჭვებს” – წერს ავტორი.

ცოტა ხნის წინ, ქართველი მეცო-სოპრანო The New York Times-მა კლასიკური მუსიკის 2018 წლის საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა.

“ეს ახალგაზრდა ქართველი მეცო-სოპრანო გაბედული იყო “კარმენში” და ემოციური “თავად იგორში”, მეტროპოლიტენის ოპერის თეატრის ბოლო სეზონებში. მიუხედავად ამისა, მაინც მოუმზადებელი ვიყავი მისი მიერ წარმოჩენილი აზუჩენასთვის, ვერდის “ტრუბადურში”, რომელიც იანვარში გაიმართა და რომელიც მან ელეგანტურობით შეასრულა. მან შესძინა როლს სითბო, შიში და ორატორობა… “ – წერს The New York Times.

წყარო nytimes.com