კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული “კონტი ჯგუფის” ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა

ხაზარაძეს უნდა, რომ ორი კურდღელი ერთი გასროლით მოკლას. მე ვფიქრობ, ეს შეუძლებელია, მაგრამ, ამავე დროს ძალიან ცუდად ახასიათებს თავად ახალ შექმნილ პარტიას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვოლსკის თქმით, კომპანია, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ამერიკული “კონტი ჯგუფის” ნაცვლად წარადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა.

“ხაზარაძე ასახელებს კომპანიას, რომელიც ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა, თუმცა ყაზახური ბრენდი და ამბობს, თითქოს ამ კომპანიას უარი ეთქვა და თითქოს მისი რესურსი და დამოკიდებულება საკითხის მიმართ არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და თანაც ამავე დროს აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთისათვის ეს პორტი. ეს არის პოლიტიკური თამაში და ნაცრის შეყრა თვალებში, რაც ნიშნავს, რომ წარმოაჩინო ვითარება ისე, თითქოს იბრძვი პროდასავლური ინტერესებისათვის და ღირებულებებისათვის და პორტი მთავარი თემაა, მაგრამ მეორე დღეს გამოავლენ იმას, რომ შენ გინდა მოსახლეობის, სამეგრელოს რეგიონის და მთელი საქართველის მოსახლეობის ხმების მოსყიდვა და იმ რეალობას ასახელებ, რომ კომპანია მართლაც იყო შემოსული თავისი წინადადებით და ეს კომპანია არის ის კომპანია, რომლის დიდი რესურსი არის რუსული. ხაზარაძეს უნდა, რომ ორი კურდღელი ერთი გასროლით მოკლას. მე ვფიქრობ, ეს შეუძლებელია, მაგრამ, ამავე დროს ძალიან ცუდად ახასიათებს თავად ახალ შექმნილ პარტიას”, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და აქციების 42%-ის მფლობელმა, ამერიკულმა „კონტი ჯგუფმა“ (Conti International LLC) კონსორციუმი აგვისტოს დასაწყისში დატოვა.

ამასთან, როგორც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, „კონტი ჯგუფის“ სანაცვლოდ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი განიხილავს კომპანია Meridian Capital Limited-ს, თუმცა, საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნულ კომპანიას, პორტში მონაწილეობაზე უარი განუცხადა.

თავის მხრივ ინფრასტრუქტურის მინისტრი აღნიშნულს უარყოფს და აცხადებს, რომ კონსორციუმის მიერ წარდგენილი ინვესტორის შესწავლა მიმდინარეობს.