მეთიუ ბრაიზა-რასმუსენის იდეა შესანიშნავია სიტუაციის შესაცვლელად

ყოფილი ამერიკელი დიპლომატის, მეთიუ ბრაიზას განცხადებით, საქართველომ უნდა მოახერხოს ნატო-ს წევრი ქვეყნების, განსაკუთრებით აშშ-ს დარწმუნება, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ინიციატივა მომგებიანია.

რასმუსენის იდეაზე, რომელიც გულისხმობს, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, კოლექტიური თავდაცვის მეხუთე მუხლის გაუვრცელებლად სეპარატისტულ რეგიონებზე – სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე, ბრაიზა „საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტთან“ ინტერვიუში საუბრობს.

„რასმუსენის იდეა შესანიშნავია სიტუაციის შესაცვლელად. ეს გამოყოფილ რეგიონებს საქართველოს არ დაუბრუნებს, მაგრამ ქვეყანას მისცემს უსაფრთხოების გარანტიებს და ალიანსის წევრობას. შესაძლოა, ეს წარმოსახვითია, მაგრამ არა უპრეცედენტო. კვიპროსშიც მსგავსი რამ მოხდა, როცა ევროკავშირმა მიიღო კუნძული მის შემადგენლობაში…როდესაც მსგავსი მიმართულებით ვსაუბრობთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, შეგვიძლია განვიხილოთ, რომ ყველა რეგიონი გახდეს ნატო-ს წევრი, მხოლოდ მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს ამ ტერიტორიებზე“, – აცხადებს მეთიუ ბრაიზა.

ამერიკელი დიპლომატი ასევე ეხმაურება ქართული საზოგადოების ნაწილის შეშფოთებას, რომ თუ მოვლენები ამგვარად განვითარდება, ეს შესაძლოა, ოკუპირებული ტერიტორიების სუვერენიტეტის აღიარებას ნიშნავდეს. მისი თქმით, მომავალში იქნებიან გარკვეული რუსეთთან დაახლოებული ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოზე ზეწოლას განახორციელებენ, აღიაროს აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელ ქვეყნებად.

„ნატო-ს წევრ ქვეყნებს ჯერ ეს საკითხი არ განუხილავთ. ისინი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ აიცილონ წევრი სახელმწიფოების კრიტიკა, განსაკუთრებით აშშ. თუ პრეზიდენტი ტრამპი დაიწყებს ან წინადადებაზე საუბარს, თუნდაც ანგელა მერკელი ან პრეზიდენტი მაკრონი, მაშინ გენერალური მდივანიც უფრო გახსნილად ისაუბრებს ამ მიმართულებით. პირველ რიგში, გადაწყვეტილება წევრმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს… ჯერ ისინი მხარს არ უჭერენ ამ იდეას, თუმცა იმედი მაქვს, მომავალში ასე მოხდება“, – აღნიშნავს ინტერვიუში ბრაიზა.