უკრაინა მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას

უკრაინა მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ეს პრინციპი უცვლელია, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ დღეს გამართულ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

„უკრაინის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ქვაკუთხედი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაა. ჩვენ მუდამ მხარს ვუჭერდით აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც აზერბაიჯანი უჭერდა მხარს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და ეს პრინციპი ჩვენთვის აბსოლუტურად უცვლელი რჩება,“- განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, უკრაინა ძალიან წუხს იმის გამო, რაც ახლა კავკასიაში ხდება.

„მე ტელეფონით ვესაუბრე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენი პოზიცია ნათელია: ომს ყოველთვის მოაქვს მწუხარება, მსხვერპლი და ნგრევა და ჩვენ გულწრფელად ვწუხვართ იმაზე, რაც ახლა კავკასიაში ხდება,“- განაცხადა დიმიტრი კულებამ.