ელიტური სტრაიკერების დაპირისპირების მიმართ გულშემატკივრების განსაკუთრებული ყურადღება იყო მიპყრობილი. ქართველმა სპორტსმენმა, პირველ ორ რაუნდში,მეტოქეს ფეხით რამდენიმე დარტყმა მიაყენა, მესამე რაუნდში კი დაანოკაუტა.
ქართველმა მებრძოლმა, შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე, რეიტინგის პირველი ნომერი მაქს ჰოლოუეი გამოიწვია და განაცხადა:
“კონორის ერა დასრულდა, ხაბიბი სპორტიდან წავიდა, ახლა გიგას დროა!”
ედსონ ბარბოსას დამარცხების შემდეგ გიგა ჭიკაძე UFC-ის ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში უფრო დიდ წინსვლას ელოდა, შეგახსენებთ, ქართველი სპორტსმენი მე-10 ადგილიდან მე-8 ადგილზე დააწინაურეს.
როგორც ჩანს, გიგასთვის რეიტინგში წინსვლა დამაკმაყოფილებელი სულაც არაა. ის ორთაბრძოლაში როგორც მე-10 ნომერი ისე წარსდგა და მე-3 რაუნდში ლეგენდარული ედსონ ბარბოსა (9) სასტიკი ნოკაუტით დაამარცხა.
“მე ამით კმაყოფილი არ ვარ. მე-10 ნომერი ვიყავი, რეიტინგის მე-9 ნომერი დავამარცხე, თუმცა ის უბრალოდ მე-9 ნომერი არ იყო, არც მსაჯთა გადაწყვეტილებით, არც ახლო ბრძოლით, მე მეტოქეებს “განავლისგან ვცლი”, გასულ კვირასაც ეს მოხდა,როდესაც ედსონ ბარბოსასნაირ მებრძოლს ამარცხებ და შენ მე-10 ნომერი ხარ, მე-8 ნომრად არ უნდა გადაგწიონ, ვფიქრობ, 5 საუკეთესო მებრძოლში უნდა შევდიოდე.
საერთოდაც მეგონა, რომ ჩემს გვარს 3 საუკეთესოთა შორის დავინახავდი, რადგან ხსენებულ სამეულში ერთი ადამიანი ირიცხება (იაირ როდრიგესი), რომელსაც ჩემი UFC-ში მოსვლის შემდეგ არ უჩხუბია, მე კი ამ დროის განმავლობაში 7 შეხვედრა ჩავატარე – დიახ, 7 შეხვედრა 2-ზე ნაკლებ წელიწადში. ეს არის ის, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს. მათ მე-8 ადგილზე გადამწიეს, რაც დამეთანხმებით სამწუხაროა” – განუცხადა გიგამ mmajunkie-ს ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ჭიკაძე UFC-ში 2019 წლის სექტემბერში წარსდგა, ამ მოკლე პერიოდში კი ქართველმა არაერთი შესანიშნავი დარტყმა შემოგვთავაზა. ჩვენდა სასიხარულოდ, გიგა წინ და წინ მიიწევს! უკანასკნელი გაჩერება კი საჩემპიონო ქამარი გახლავთ.