დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ე.წ. „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის შედეგად აშშ-ის საზღვარზე განცალკავებული მიგრანტების ოჯახებმა, შესაძლოა, აშშ-ის ხელისუფლებისგან უახლოეს მომავალში ათასობით აშშ დოლარის ოდენობის კომპენსაცია მიიღონ, – ინფორმაციას მედია საშუალებები სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ, რომლებიც განცალკევებული ოჯახების სარჩელის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებების შინაარსს იცნობენ.
გამოცემა Wall Street Journal-ი იუწყება, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა განცალკევებული ოჯახების თითოეულ წევრს დაახლოებით 450 000 აშშ დოლარი შესთავაზონ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი საზღვარზე მშობელი და შვილი ერთმანეთს დააშორეს, ისინი, ჯამში, 900 000 აშშ დოლარს მიიღებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ნაბიჯი არის მცდელობა, მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმება იმ ოჯახების მშობლებისა და შვილების სარჩელებზე, რომლებიც თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით აშშ-მექსიკის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ ერთმანეთს დააშორეს.
ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის შედეგად 5 600-ზე მეტი ბავშვი საკუთარ მშობლებს მხოლოდ იმიტომ დააშორეს, რომ მშობლებმა მათთან ერთად საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს.
თეთრი სახლის ცნობით, ამ დროისთვის 1000-ზე მეტი ოჯახი კვლავ განცალკევებულია. ზოგიერთ შემთხვევაში მშობლებს სამშობლოში ადეპორტებდნენ, ხოლო მათ შვილებს აშშ-ში ტოვებდნენ. სასამართლოს ჩანაწერების თანახმად, განცალკევებული ოჯახების ბავშვების 300-ზე მეტი მშობელი ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განცალკევებული მიგრანტების ოჯახების გაერთიანებაზე მუშაობის მიზნით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნა, თუმცა, ჯგუფმა, ჯერჯერობით მხოლოდ 50 ოჯახის გაერთიანება შეძლო.