ღ.ირაკლი „გირჩზე“ – ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას

არ მოვერიდები და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე მინდა აღვნიშნო, რომ „გირჩის“, ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე პარტია „გირჩის“ საქმიანობის შესახებ განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა საკუთარი პროგრამის წარდგენისას აღნიშნა, მისი უპირველესი საზრუნავი სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის დასრულება იქნება.

„გირჩის“ საქმიანობაზე საუბრისას ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ეს სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელი საქმიანობაა“.

„ჩემთვის, როგორც გარედან მაყურებლისთვის ეს იყო ძალიან მტკივნეული პროცესი. ის, რაც ამ ბოლო წლების განმავლობაში განვითარდა, იყო ჩვენი ერის კატასტროფა და ტრაგედია. ვგულისხმობ პოლიტიკური ოპონენტების, „ნაცმოძრაობის“ და მათთან აფილირებული წევრების ე.წ. „გირჩის“ ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც, ჩვენი საზოგადოების, მომავალი თაობის პირდაპირი დეგრადაციის მცდელობა ხდება, რაც, ყოვლად დაუშვებელია. მე არ მოვერიდები და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოსა და ჯარის ძლიერებას.

მე არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ეს არის პირდაპირ ძირგამომთხრელი საქმიანობა ჩვენი სახელმწიფოსი. მჯერა, რომ ამაზე თქვენთან ერთად ვიმუშავებთ. ჩემი მინისტრობის ერთ-ერთი პირველი ამოცანა და საზრუნავი იქნება ის, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში ეს საკითხი დარეგულირებული იყოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, რეფორმის განხორციელების პროცესში დასავლური ქვეყნებს გამოცდილებას გაიზიარებენ.

„ჩვენ სამხედრო სავალდებულო სამსახური უნდა დავაორგანიზოთ იმ ფორმით, როგორც არის აპრობირებული ცივილიზებულ სამყაროში. ჩვენ აქტიურად გავითვალისწინებთ დასავლური ქვეყნების გამოცდილებას, ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილებას. ამ დღეების განმავლობაში გავეცანი შვეიცარიის გამოცდილებას, რომელიც უნიკალურია. არის კიდევ სხვა გამოცდილებები, მაგალითად, ისრაელის, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი სამაგალითოა. ამიტომ მჯერა, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავებთ და აქტიურად მოვაწესრიგებთ ამ საკითხებს. ასე რომ, მთავარი საზრუნავი იქნება სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის დასრულება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და ასევე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ძალოვან მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. კერძოდ, დღეს თავიანთ პროგრამას წარადგენენ: შს მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი ქეთევან ციხელაშვილი.

ასევე, დღესვე მოუსმენენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს ნათია თურნავას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს ივანე მაჭავარიანს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს ლევან დავითაშვილსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს მაია ცქიტიშვილს.