საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი რეისები შემდეგი მიმართულებით: 16 აპრილი – პარიზი-თბილისი ; 18 აპრილი – თელავივი-თბილისი ; 21 აპრილი – რომი-თბილისი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ რეისებს განახორციელებს კომპანია Georgian Airways.
„ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო.
მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.
საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისებიდან ასევე განხორციელდება : 7 აპრილი – ათენი-თბილისი ; 10 აპრილი – ლარნაკა – თბილისი; 12 აპრილი – ბერლინი-თბილისი; 14 აპრილი – ამსტერდამი-თბილისი“,-ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 5000-მდე საქართველოს მოქალაქე. მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნება მოხდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი, ბულგარეთი, გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი.